რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

არესტოვიჩი: ხერსონში ათასზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, ხერსონის რეგიონში, ვისოკოპოლიეს მახლობლად რუსეთის რამდენიმე ქვედანაყოფი ალყაშია მოქცეული.

"ნაწილობრივ ავიღეთ ოლგინო და თითქმის მთლიანად პოტემკინო, ეს არის ორი დასახლება ვისოკოპოლის მარჯვნივ და მარცხნივ. იქ, ფაქტობრივად, რუსული ჯარებისთვის ილოვაისკი მეორდება, რადგან დაახლოებით ათასზე მეტი მებრძოლია იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით". - თქვა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტები ტაქტიკურ ალყაში არიან. გუშინ მათ ალყის გარღვევა სცადეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო ძალებმა ისინი შეაჩერეს. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

    კომენტარები