აშშ-საუდის არაბეთი

აშშ-ს წითელი ზღვიდან საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლები გაჰყავს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვიდან სამხედრო დამკვირვებლების გაყვანის შესახებ განაცხადა - ისინი 40 წელზე მეტია, რაც წითელი ზღვის კუნძულებს იცავდნენ

"გავაფართოვეთ ისტორიული შეთანხმება, რათა ახლო აღმოსავლეთის ომების ეპიცენტრი მშვიდობის ზონად გარდავქმნათ. ახლა, ამ გადაწყვეტილების შედეგად, ეს კუნძული ღია იქნება ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ამავდროულად შეინარჩუნებს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას და ყველა მხარის, მათ შორის ისრაელის, ნავიგაციის თავისუფლებას". - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ისრაელსა და ეგვიპტეს შორის კემპ დევიდის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, აშშ-ს ჯარები სხვა უცხოელ ჯარისკაცებთან ერთად კუნძულ ტირანზე მსახურობდნენ. ბაიდენის ცნობით, ისინი წლის ბოლომდე დარჩებიან.

საუდის არაბეთი წლების განმავლობაში ცდილობდა კუნძულებზე სუვერენიტეტის მოპოვებას, რათა ისინი ტურისტულ ზონად განევითარებინა. ეგვიპტე დათანხმდა მათ დათმობას, მაგრამ ოფიციალურად გადაცემისთვის ისრაელის თანხმობაც საჭირო იყო.

ისრაელმა ორ კუნძულზე კონტროლი ეგვიპტეს 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გადასცა, იმ შეთანხმებით, რომ ისინი დემილიტარიზებული იქნებოდა და დარჩებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა ძალები. ისრაელს ასეთივე გარანტია სურდა საუდის არაბეთისგანაც, რათა შეთანხმება საბოლოოდ შემდგარიყო, მაგრამ რიადში თავს იკავებდნენ. გამოცემა Axios-მა 14 ივლისს დაწერა, რომ ისრაელმა ოფიციალური თანხმობა გამოაცხადა ამ კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით.

შეთანხმება სამართლებრივად კომპლექსურია, რადგან ქვეყნებს ერთმანეთთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი არ აქვთ, შესაბამისად, შუამავლების დახმარებით მუშაობენ. როგორც The Times of Israel-თან ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ თქვა, რიადი თავს იკავებდა შეთანხმების დეტალების გაწერისგანაც, რაც ისრაელის უკმაყოფილებას იწვევდა.

დიპლომატის თქმით, დამკვირვებელი ძალები კუნძულიდან სხვა ლოკაციაზე გადავლენ, თუმცა საუდის არაბეთი ისრაელისთვის ზემოხსენებული კუნძულების გარშემო თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე  მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

მანამდე, საუდის არაბეთში ჯო ბაიდენის ვიზიტის წინ, რიადი ისრაელს საჰაერო სივრცეს გაუხსნა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გახსნა "კვალავს გზას უფრო ინტეგრირებული, სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთისთვის". 

ამასთანავე, გასულ დღეებში The Times of Israel-მა დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ წარმატებით მოხდა შეთანხმება საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს შორის, რის შედეგადაც რიადი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

ისრაელის მედიის ცნობით, ნორმალიზაციის ზომები მოიცავს საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნას და იერუსალიმისთვის შორეულ აღმოსავლეთში ფრენების დაშვებას, ასევე ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის მუსლიმი მომლოცველებისთვის პირდაპირი რეისების დაწყებას.

კომენტარები