აშშ-საუდის არაბეთი

WSJ: საუდის არაბეთის უკმაყოფილების ფონზე, აშშ-მ მათ Patriot-ის რაკეტები გაუგზავნა

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, აშშ-მ საუდის არაბეთს თხოვნა შეუსრულა და ამ თვეში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები გაუგზავნა. გამოცემასთან ამის შესახებ აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს. 

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რაკეტების გადაცემა შესრულდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუდის არაბეთმა შეძლოს ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების დაჯგუფების სარაკეტო და დრონების თავდასხმებისგან თავდაცვა. 

საუდის არაბეთი აშშ-ს გასული წლიდან სთხოვდა Patriot-ის სისტემის რაკეტებს, რადგან, როგორც ამბობდნენ, მათი მარაგები სახიფათოდ ცოტა იყო დარჩენილი.

აშშ-სა და საუდის არაბეთის ურთიერთობები დაზიანდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. თეთრმა სახლმა იემენელი ჰუსიტების დაჯგუფება ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან ამოიღო, რამაც საუდის უკმაყოფილება გამოიწვია. ასევე გასთვალისწინებელია პრეზიდენტი ბაიდენის დამოკიდებულება საუდის დე ფაქტო ლიდერთან, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან, რომელიც ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაშია ბრალდებული. უკმაყოფილებას ზრდიდა აშშ-ს მხარდაჭერის შემცირება საუდის იემენის სამოქალაქო ომში ინტერვენციისთვის. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მათ გარკვეული იარაღების მიწოდება შეუჩერა.

აშშ-ს მხარის თქმით, მათ რაკეტების მიწოდება განზრახ არ შეუყოვნებიათ და ამ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივ მოლაპარაკებებს იარაღზე არსებულ გაზრდილ მოთხოვნას ასახელებენ. 

WSJ-სთან ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ საუდის არაბეთს რაკეტები ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნიდან გადასცეს. შეიარაღების გადაცემა არის ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობის ნაწილი, გააუმჯობესოს ურთიერთობა რიადთან. აშშ-ს სურს, რომ ნავთობის ფასების ზრდის შესაჩერებლად, საუდის არაბეთმა ამ ბუნებრივი რესურსის მიწოდება გაზარდოს. 

ჰუსიტების ბოლო თავდასხმა 19-20 მარტს მოხდა. მათი დრონებისა და რაკეტების სამიზნე საუდის არაბეთის ნავთობის მწარმოებელი კომპანიის, Aramco-ს ინფრასტრუქტურა იყო. 

აღსანიშნავია, გასულ დღეებში WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დე-ფაქტო ლიდერებმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარზე უარი თქვეს, რადგან მისი ადმინისტრაცია ამ ქვეყნებს რეგიონში მხარს არ უჭერს. ახლა, გამოცემასთან თეთრი სახლის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამბავი სატელეფონო ზარის შესახებ არაზუსტი იყო.

ამას გარდა, ასევე WSJ-ს რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, საუდის არაბეთი პეკინთან განიხილავდა ნავთობის აშშ დოლარის ნაცვლად ჩინურ იუანში გაყიდვას.

ჩინეთი საუდის არაბეთის საექსპორტოდ წარმოებული ნავთობის 25 %-ზე მეტს იძენს. შესაბამისად, თუ ვაჭრობა იუანში მოხდება, ეს გაყიდვები ჩინურ ვალუტას გაამყარებს. ამასთან, საუდის არაბეთი განიხილავს იუანში დენომინირებული, ჩინეთში პეტროიუანად წოდებული ფიუჩერსული კონტრაქტების "საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიის" საფასო მოდელში გათვალისწინებას.

საუდის არაბეთის მიერ ნედლი ნავთობის ყოველდღიური ექსპორტიდან დაახლოებით 6.2 მილიონი ბარელის დოლარის გარდა სხვა ვალუტაში შეფასება ქვეყნის კურსის დიდი ცვლილება იქნება. მსოფლიოში ნავთობის გაყიდვების უმეტესობა, დაახლოებით 80% დოლარში სრულდება. საუდის არაბეთი ნავთობით ექსკლუზიურად დოლარში ვაჭრობს 1974 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ნიქსონის ადმინისტრაციასთან ეს შეთანხმება სამეფოსთვის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ გაფორმდა.

კომენტარები