აშშ-საუდის არაბეთი

ბაიდენი: ნავთობის მოპოვების კუთხით საუდის არაბეთისგან ნაბიჯებს ველით

ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში
Bloomberg

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ნავთობის მიწოდების ზრდას ელის, რაც საწვავის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

საუდის არაბეთში ვიზიტის მთავარი თემები ირანის საფრთხე, ისრაელთან ურთიერთობების დათბობა და ნავთობის მოპოვების გაზრდაა. ბაიდენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრინცსაც ესაუბრა. 

ჯო ბაიდენის ვიზიტს არ მოჰყოლია წარმოების ზრდის დაუყოვნებელი დაპირება, მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ რიადი OPEC+-ს წარმოების ეტაპობრივი ზრდის შეთანხმებამდე მიიყვანს.

ამასთან ერთად, The Times of Israel-ის დიპლომატიური წყაროს ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ წარმატებით მოხდა შეთანხმება საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს შორის, რის შედეგადაც რიადი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

ისრაელის მედიის ცნობით, ნორმალიზაციის ზომები მოიცავს საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნას და იერუსალიმისთვის შორეულ აღმოსავლეთში ფრენების დაშვებას, ასევე ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის მუსლიმი მომლოცველებისთვის პირდაპირი რეისების დაწყებას.

აშშ ცდილობდა დაესრულებინა წითელ ზღვაში მდებარე ტირანისა და სანაფირის კუნძულების ეგვიპტისგან საუდისთვის გადაცემის პროცესის დასრულებას, მაშინ, როცა ბაიდენი ჯიდაში ვიზიტს გეგმავს და მონაწილეობას მიიღებს GCC+3-ის სამიტსა და საუდის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ შეხვდერებში.

ისრაელმა ორ კუნძულზე კონტროლი ეგვიპტეს 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გადასცა, იმ შეთანხმებით, რომ ისინი დემილიტარიზებული იქნებოდა და დარჩებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა ძალები. ისრაელს ასეთივე გარანტია სურდა საუდის არაბეთისგანაც, რათა შეთანხმება საბოლოოდ შემდგარიყო, მაგრამ რიადში თავს იკავებდნენ. გამოცემა Axios-მა 14 ივლისს დაწერა, რომ ისრაელმა ოფიციალური თანხმობა გამოაცხადა ამ კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით.

შეთანხმება სამართლებრივად კომპლექსურია, რადგან ქვეყნებს ერთმანეთთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი არ აქვთ, შესაბამისად, შუამავლების დახმარებით მუშაობენ. როგორც The Times of Israel-თან ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ თქვა, რიადი თავს იკავებდა შეთანხმების დეტალების გაწერისგანაც, რაც ისრაელის უკმაყოფილებას იწვევდა.

დიპლომატის თქმით, დამკვირვებელი ძალები კუნძულიდან სხვა ლოკაციაზე გადავლენ, თუმცა საუდის არაბეთი ისრაელისთვის ზემოხსენებული კუნძულების გარშემო თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე  მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

კომენტარები