აშშ-საუდის არაბეთი

AXIOS: აშშ საუდის არაბეთთან განიხილავს ახლო აღმოსავლეთის მაკავშირებელ რკინიგზის პროექტს

ჯო ბაიდენი ესალმება საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს, 2022 წლის ივლისი.
Royal Court of Saudi Arabia /Handout/Anadolu Agency via Getty Images

ამერიკული მედია AXIOS-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 7 მაისს, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროსა და ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებს უნდა განეხილათ შესაძლო ერთობლივი ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც რკინიგზის მეშვეობით დააკავშირებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, არაბულ ქვეყნებსა და ინდოეთს.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ეს არის მნიშვნელოვანი იმ ფონზე, რომ თეთრი სახლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა რეგიონში ჩინეთის გავლენის შემცირებაა. ახლო აღმოსავლეთი ჩინეთის ერთი გზა ერთი სარტყელის ეკონომიკურ გეგმაში მთავარი ნაწილია.

AXIOS-ის წყაროების მიხედვით, პროექტი იქნება მრავალი საკითხიდან ერთ-ერთი, რასაც შეხვედრის დროს განიხილავენ. კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველთან და პრინც მემკვიდრესთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და საუდელ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ამ ქვეყანასა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების მდგომაროებაზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ნორმალიზაციის მორიგი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას.

AXIOS-ის წყაროების თქმით, ინდოეთის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აშშ-ს ჯგუფის, I2U2-ის ფორუმის ფარგლებში ბოლო 18 თვეში ჩამოყალიბდა. ფორუმი 2021 წლის ბოლოს შეიქმნა და ახლო აღმოსალეთში სტრატეგიული ინფრასტრუქტურის პროექტების შექმნას ითვალისწინებს.

"ეს ხმამაღლა არავის უთქვამს, თუმცა პირველივე დღიდან ჩინეთს ეხებოდა". – უთხრა AXIOS-ს ისრაელის ყოფლიმა მაღალჩინოსანმა, რომელიც თავდაპირველ მოლაპარაკებებში ჩართული იყო. მისივე თქმით, რეგიონის რკინიგზით დაკავშირების იდეა ისრაელს ეკუთვნოდა. 

AXIOS-ის თქმით, 4 მაისს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუში სიტყვით გამოსვლის დროს, ჯეიკ სალივანმა მიუთითა ნახსენებ ინიციატიავაზე.

"თუ ჩემი სიტყვით გამოსვლიდან არაფერი გახსოვთ, გახსოვდეთ I2U2, რადგან ამაზე მეტს გაიგებთ". – ამბობდა სალივანი. 

სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ფუნდამენტურია სამხრეთ აზიის ახლო აღმოსავლეთთან და აშშ-სთან დაკავშირება, "გზებით", რომლებიც ამერიკის "ეკონომიკას, ტექნოლოგიასა და დიპლომატიას დააწინაურებს". ამას გარდა, მან დაამატა, რომ რიგ პროექტებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლის დროს სალივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიაში მთავარი საყრდენი რეგიონული ინტეგრაციაა.

"უფრო ინტეგრირებული, შინაგანად დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთი აძლიერებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ავითარებს რეგიონულ სიმშვიდესა და კეთილდღეობას". – ამბობდა სალივანი. 

როგორც AXIOS-ი წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ამჟამად ისრაელი ინიციატივის მონაწილე არაა, თუმცა მომავალში შესაძლოა დაემატოს.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხანებში საუდის არაბეთმა ურთიერთობა გააუმჯობესა რეგიონში აშშ-ს მთავარ მეტოქესთან, ირანთან. 

კომენტარები