ისრაელი

ლაფიდი ბაიდენს: ირანს დიპლომატია ვერ შეაჩერებს

ჯო ბაიდენის და იაირ ლაფიდის შეხვედრა იერუსალიმში, 2022 წლის 14 ივლისი
The Times of Israel

აშშ-სა და ისრაელს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაფიდმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შეძენისგან დიპლომატიით ვერ შეაჩერებენ. 

"მათ სიტყვები ვერ შეაჩერებს, ბატონო პრეზიდენტო. დიპლომატია მათ ვერ შეაჩერებს. ერთადერთი რამ რაც ირანს შეაჩერებს, არის იცოდნენ, რომ თუ განაგრძობენ თავიანთი ბირთვული პროგრამის განვითარებას, თავისუფალი მსოფლიო ძალას გამოიყენებს. მათი შეჩერების ერთადერთი გზა მაგიდაზე სანდო სამხედრო საფრთხის დადებაა". – უთხრა ლაფიდმა ბაიდენს". – უთხრა ლაფიდმა ბაიდენს. 

ლაფიდმა აღნიშნა, რომ საფრთხე რეალური უნდა იყოს. 

"ეს არ უნდა იყოს ბლეფი, არამედ რეალური რამ. ირანის რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ თუ მსოფლიოს მოტყუებას განაგრძობენ, მძიმე საზღაურს გადაიხდიან". – დაამატა ლაფიდმა.

ჯო ბაიდენმა ლაფიდის კომენტარის შემდეგ საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. 

"კვლავ მჯერა, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა". – თქვა ბაიდენმა.

14 ივლისს, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების ფარგლებში, იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გააფორმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ "ეროვნული ძალის ყველა ელემენტს" გამოიყენებს, რათა ირანს ხელი შეუაშალოს ბირთვული იარაღის შეძენაში.

"შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ ამ პირობის განუყოფელი ნაწილია ვალდებულება - არასდროს მისცეს ირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალება და რომ მზადაა გამოიყენოს ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად". – წერია დეკლარაციის ტექსტში.

ასევე, აშშ დებს პირობას, რომ რეგიონში ირანის პირდაპირი თუ ირიბი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ წავა.

"შეერთებული შტატები ასევე ადასტურებს ვალდებულებას ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ დაუპირისპირდეს ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის ქმედებებს, იქნება ეს პირდაპირი თუ მარიონეტული და ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინური ისლამური ჯიჰადი". – წერია შეთანხმებაში. 


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები