ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ითამარ ბენ-გვირი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც ბენ-გვირის მიერ პროპალესტინელი ფლოტილიის აქტივისტების მიმართ დამამაცირებელ მოპყრობას ასახავს.
ვიდეოში, რომელიც თავად ბენ-გვირმა გამოაქვეყნა, ჩანს, როგორ დასცინის ის აქტივისტებს, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.
ნეთანიაჰუმ ფლოტილიის, რომელიც ღაზის სექტორისკენ გადაადგილდებოდა, შეჩერება გაამართლა, თუმცა 20 მაისს ვიდეოში ბენ-გვირის ქმედებები გააკრიტიკა.
"ისრაელს სრული უფლება აქვს, არ დაუშვას ჰამასის ტერორისტი მხარდამჭერების პროვოკაციული ფლოტილიების შესვლა ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და ღაზამდე მიღწევა. თუმცა, ის, თუ როგორ მოექცა მინისტრი ბენ-გვირი ფლოტილიის აქტივისტებს, არ შეესაბამება ისრაელის ღირებულებებსა და ნორმებს" - განაცხადა მან.
ულტრამემარჯვენე მინისტრი ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც თავად გამოაქვეყნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების თანხლებით დაახლოებით 430 დაკავებულ Sumud Global Flotilla-ს აქტივისტს შორის დადის. ვიდეოში ჩანს, როგორ აფრიალებს ისრაელის დროშას და ზოგ აქტივისტს ეუბნება: "მოგესალმებით ისრაელში, ჩვენ აქ ბატონები ვართ".
ვიდეოში ჩანს ხელბორკილდადებული აქტივისტი, რომელიც ყვირის "თავისუფლება პალესტინას", რის შემდეგაც უსაფრთხოების თანამშრომლები მას დაუყოვნებლივ ძირს აგდებენ.
კადრებში ასევე ჩანს, რომ აქტივისტებს ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული, მუხლებზე დგანან და თავები იატაკზე უდევთ.
სხვა ვიდეოში ბენ-გვირი ამბობს, რომ აქტივისტები "აქ დიდი გმირებივით, ამაყად მოვიდნენ. ახლა შეხედეთ მათ" და ნეთანიაჰუს მიმართავს თხოვნით, მისცეს უფლება ისინი "ძალიან, ძალიან დიდი ხნით" დააპატიმროს.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბენ-გვირი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმაც X-ზე გააკრიტიკა და დაწერა: "შენ განზრახ მიაყენე ზიანი სახელმწიფოს ამ სამარცხვინო წარმოდგენით და ეს პირველად არ ხდება... არა, შენ არ ხარ ისრაელის სახე".
ბენ-გვირმა X-ზე უპასუხა, რომ საარმა "უნდა გაიგოს, რომ ისრაელი აღარ არის სუსტი ქვეყანა. ვინც ჩვენს ტერიტორიაზე ტერორიზმის მხარდასაჭერად მოვა... სილას მიიღებს".
მინისტრის ქცევა გააკრიტიკა აშშ-ში ისრაელის ელჩმაც, იეხიელ ლაიტერმა და X-ზე დაწერა, რომ ბენ-გვირის "უგუნური პერფორმანსი" არ წარმოადგენს ისრაელის მთავრობის პოლიტიკას.
"ბენ-გვირის საქციელი უროსავით ანგრევს ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევას, მაშინ როდესაც ისრაელის მტრები სიხარულით იყენებენ ყოველ ასეთ უაზრობას ჩვენი დისკრედიტაციისა და დემონიზებისთვის" - დაამატა მან.
"ფლოტილია სულელური ტრიუკი იყო, მაგრამ ბენ-გვირმა საკუთარი ქვეყნის ღირსებას უღალატა" - აშშ-ს ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა.
აღნიშნული ვიდეოების შინაარსი სხვა დასავლურმა ქვეყნებმაც გააკრიტიკეს. ამ დროისთვის კანადამ, იტალიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ და ნიდერლანდებმა კადრების გასაპროტესტებლად საკუთარ ქვეყნებში ისრაელის ელჩები დაიბარეს. კრიტიკას ასევე შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფო, გერმანია და საბერძნეთიც.




