ისრაელი

ისრაელის არმიის მეთაური: ირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშის გეგმებზე აქტიურად ვმუშაობთ

ისრაელის არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ავივ კოჰავი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი ავივ კოჰავის თქმით, ისრაელის არმია ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო ქმედების გეგმებზე აქტიურად მუშაობს.

კოჰავიმ Walla news-თან თქვა, რომ ამ მიზნებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის თავდაცვის სექტორის დაფინანსება.

"ეს ძალიან რთული საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი დაზვერვა, მეტი ოპერატიული შესაძლებლობები, ბევრად მეტი შეიარაღება. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ". – ამბობს კოჰავი.

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის თქმით, ამჟამად მათი მთავარი მიზანია ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენა შეამცირონ, სირიაზე ფოკუსირებით, მაგრამ, როგორც კოჰავი ამბობს, მათი ქმედებები მთელ რეგიონში განხორციელდება, მაგალითად რადიკალური დაჯგუფებების წინააღმდეგ, როგორიცაა ჰამასიდა ჰეზბოლას.

კოჰავის თქმით, ისრაელი აქამდე განხორციიელებულმა იერიშებმა (სირიასა და ლიბანში) მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის გავლენა ისრაელის ჩრდილოეთით. მან დაამატა, რომ ისრაელის არმია აქტიურად ანადგურებს ჰამასის, ჰეზბოლასა და ირანის კონტრაბანდის გზებს. 

კოჰავის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები "საფრთხის მოახლოებას არ ელოდება. ის ემზადება, პირდაპირ ხვდება საფრთხეს, უვნებელყოფს და ამოძირკავს".

ირანის მიმართ ისრაელის მუქარა აქამდე, გასულ თვეებში, უცხოელ დიპლომატებთან თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმაც გააჟღერა. მისი თქმით, ისრაელს შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მეთოდების გამოყენება დასჭირდეს. 

"ისრაელის სახელმწიფოს აქვს ქმედების შესაძლებლობა და არ დაყოვნდება ამის გასაკეთებლად. არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ ისრაელს მომავალში მოქმედება მოუწიოს ირანის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად". – ნათქვამი აქვს ბენი განცს.

ისრაელის წარმომადგენლების თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალების შემუშავებისგან 2 თვე აშორებს. კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება ბირთვული იარაღის სრულად შექმნას. ამ ეტაპზე, ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს და, როგორც ჩანს, ბირთვული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არც თუ ისე წარმატებულად მიდის. უცნობია მოაწერს თუ არა ირანი ხელს ახალ შეთანხმებას.

კომენტარები