ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ისრაელის მთავრობამ ირანზე, ბირთვული პროექტის გამო, შესაძლო თავდასხმისთვის არმიის მოსამზადებლად 5 მილიარდი შეკელის ღირებულების, ანუ, დაახლოებით, $1.5-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა.
5 მილიარდი შეკელის ღირებულების ბიუჯეტი შედგება აქამდე გამოყოფილი 3 მილიარდისგან და მთავრობის მიერ ნოემბერში დასამტკიცებელი 2-მილიარდიანი ბიუჯეტისგან.
თანხები განაწილებულია ავიაგამანადგურებლების მზადყოფნისთვის, დაზვერვის მიერ ინფორმაციის მოპოვებისთვის, მტკიცედ გამაგრებულ ობიექტებზე თავდასხმისთვის საჭირო დრონებისთვისა და შეიარაღებისთვის.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც წინა დღეს აშშ-მ ბუნკერის გამანადგურებელი ახალი ბომბი წარმატებით გამოსცადა.
2021 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად ულტრა-კონსერვატორი და ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი აირჩიეს, ირანმა შეწყვიტა აშშ-სთან არაპირდაპირი საუბრები ახალ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
გასულ თვეში ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ თქვა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშის გეგმებზე აქტიურად მუშაობდნენ და დაამატა: "ეს ძალიან რთული საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი დაზვერვა, მეტი ოპერატიული შესაძლებლობები, ბევრად მეტი შეიარაღება. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ".