ეკონომიკური ზრდა

მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 11.6%-ით გაიზარდა, წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 11.2%-ით განისაზღვრა. იანვარში ეკონომიკური ზრდა 18% იყო, თებერვალში 14.6%, მარტში 10.6%, აპრილში კი - 2.6%.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით "ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში".

"ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა" - აღნიშნავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.


2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 

2021 წლის ბოლოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ "2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება".

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება და ორნიშნა მაჩვენებლიდან 5-5.5%-მდე შემცირდება. 

თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს განაცხადა, რომ "დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება".

კომენტარები