ეკონომიკური ზრდა

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობითვე, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია იყო ენერგეტიკის სექტორში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის მოლოდინია, რომ "ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება".

"როგორც მოგეხსენებათ, არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზი, რაც ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები