ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება

მსოფლიო ბანკის სათაო ოფისი

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური, ასევე რეგიონული განვითარების პროგნოზები. 

ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შენელდება და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა ორნიშნა მაჩვენებლიდან 5-5.5%-მდე შემცირდება. 

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, 2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.5%-იანი სავარაუდო ზრდით დაასრულა, რაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 

ანალიტიკოსები მთავარ რისკებად ინფლაციურ წნეხს, COVID-19-ის ახალი ვარიანტების გავრცელებას და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს მიიჩნევენ.

"მზარდი ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევს დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელებს, ზღუდავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. გლობალურად და მოწინავე ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი უმაღლეს დონეს აღწევს 2008 წლიდან მოყოლებული. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია 2011 წლის შემდეგ. აღნიშნული ქვეყნებიდან ბევრმა შეწყვიტა ინფლაციის შეკავების ღონისძიებების გამოყენება, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე". – წერია ანგარიშში. 

საგულისხმოა, რომ დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის უმაღლეს ნიშნულს, 13.9%-ს მიაღწია, სამომხმარებლო ფასების ზრდას კი ეკონომისტები ქვეყნის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევენ. 

"მსოფლიოს ეკონომიკა ერთდროულად დგას COVID-19-ის, ინფლაციის და დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობის წინაშე, ხოლო მთავრობებს სახელმწიფო ხარჯებისა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა მანამდე უცნობი, ახალი გარემოებების გათვალისწინებით უწევთ. უთანასწორობის ზრდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები განსაკუთრებით საზიანოა განვითარებადი ქვეყნებისთვის". – თქვა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა.

კომენტარები