რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ მარიუპოლში დაღუპული 210 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპული 210 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნეს.

"მარიუპოლის დაღუპული მცველების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება". - ნათქვამია განცხადებაში.

ცხედრების უმრავლესობა, რომელიც უკრაინამ დაიბრუნა, აზოვსტალის ქარხნის მცველებს ეკუთვნის.   

უკრაინელები მუშაობენ, რათა ყველა მებრძოლის ცხედარი დაიბრუნონ. ასევე, უკრაინული მხარე ცდილობს, დაახლოებით, 2 500 ჯარისკაცის დაბრუნებას, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოკუპანტებს და მათ მიერ მხარდაჭერილ ძალებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი. 

"ყველა დაღუპული მცველი უკრაინის ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს. ისინი უკანასკნელ გზაზე პატივით უნდა გავაცილოთ". - წერია განცხადებაში.  

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უწყებაში აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

თუმცა, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებით, "ნაცისტი კრიმინალები" არ უნდა გაცვალონ. ასევე, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები აზოვსტალის მცველებს დაკითხავენ. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

კომენტარები