რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

იაპონია კიდევ ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს

Shutterstock

იაპონია უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო, კიდევ ორ რუსულ ბანკს, მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და როსსელხოზბანკს სანქციებს უწესებს. აღნიშნული კომპანიები რუსეთის ათი უმსხვილესი ბანკის სიაში შედიან.

ამასთან ერთად, იაპონიამ ბელორუსულ ბანკს, ბელორუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს სანქციები დაუწესა.

12 მაისს, მთავრობის გადაწყვეტილებით, იაპონიამ რუსეთის მსხვილ სახელმწიფო ბანკს, Sberbank-სა და რუსეთის ყველაზე დიდ კერძო ბანკს, Alfa-Bank-ს აქტივები გაუყინა. ხელისუფლების განცხადებით, ეს ნაბიჯი იაპონურ კომპანიებს დააჩქარებს, რომ რუსულ ბაზარზე ბიზნეს საქმიანობის გასაგრძელებლად, გადარიცხვების გასახორციელებლად ალტერნატიული გზები მოძებნონ.

გარდა ამისა, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ კერძო პირებსა და კომპანიებს, რომელთა მოგების წილიც 10% ან მეტი იქნება, რუსეთში ახალი ინვესტიციების განხორციელება აეკრძალებათ. აგრეთვე, აკრძალვა შეეხება 1 წელზე მეტი ხანგრძლივობის სესხებსაც.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2021 წელს იაპონიამ რუსეთში $470 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ 10 მაისს იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა - სანქცირებულთა შორის მოხვდა რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც. ასევე, გაიყინა კიდევ 130-ზე მეტი ადამიანის აქტივი.

აგრეთვე, იაპონიამ დამატებით 71 რუსულ ორგანიზაციას ექსპორტი აუკრძალა, მათ შორის არიან მწარმოებლები და კვლევითი ინსტიტუტები.

იაპონიამ გაყინა რუსეთის 398 მოქალაქის აქტივები - სანქცირებულთა შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილები, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა. სანქციები ასევე შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს - მის ცოლს, მარია ლავროვასა და შვილს, ეკატერინა ვინოკუროვას. 

იაპონიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციები დააწესა რუსეთიდან ქვანახშირისა და არყის იმპორტზეც, ასევე, შეამცირა რუსეთში ახალი ინვესტიციები და გაყინა მსხვილი ბანკების საკუთრებაში არსებული აქტივები.  ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაც შეწყვიტა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები