4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

კადრი ვიდეოდან: რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს: გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფდნენ.

საპროცესო შეთანხმება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დაამტკიცა. ექვსივე მათგანი 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა.

აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება ასევე სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

დღეს საპროცესო შეთანხმებით საპატიმრო ასევე დატოვა აღნიშნულ საქმეზე დაკავებულმა კიდევ 8 პირმა.

9 ივნისს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 8 პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები