რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი შოლცს: რუსული აგრესიის შესაჩერებლად თანამედროვე იარაღი გვჭირდება

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. სტეფანჩუკმა შოლცს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.

შეხვედრის დროს, სტეფანჩუკმა შოლცს მოუწოდა, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინას თანამედროვე გერმანული იარაღი მიაწოდონ.

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ თანამედროვე იარაღი გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ძველი იარაღით ძველი მარაგებიდან, თუმცა, ახალი იარაღი უფრო ეფექტურია. ამიტომ, ჩვენ ველით ორივეს, როგორც მარდერის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, აგრეთვე ლეოპარდის ტანკებს". - თქვა სტეფანჩუკმა.

სტეფანჩუკი ასევე მიესალმა გერმანიის კანცლერის განცხადებებს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს.

"უკრაინაში ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება, 500 კი დაზიანებას იღებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებასა და იარაღის რეალურად მიწოდებას შორის დრო მაქსიმალურად შემცირდება". - განაცხადა სტეფანჩუკმა.

ბერლინში ვიზიტის დროს, სტეფანჩუკი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთანაც გამართავს შეხვედრას.

1 ივნისს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია თავის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T-ის უკრაინას გადასცემს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები