ირანი

ირანი საბერძნეთს მოუწოდებს, ჩამორთმეულ ტანკერებზე მოლაპარაკებები ამერიკის გარეშე აწარმოოს

THANASSIS STAVRAKIS/ASSOCIATED PRESS

ირანი საბერძნეთს მოუწოდებს ჩამორთმეულ გემებზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე აწარმოოს. გასულ კვირას ირანულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული ტანკერი დააკავეს

ბერძნული ტანკერების დაკავებას ამერიკის მხრიდან ირანის ნავთობის ტვირთის კონფისკაციას უკავშირებენ.

ამერიკელმა და ბერძენმა დიპლომატებმა ირანს ტანკერების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი NATO-ს მოკავშირეს მხარს უჭერს. 

"ბლინკენმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასრულდა ეპოქა, როდესაც მხოლოდ აშშ ამყარებდა მსოფლიო წესრიგს. იგი თავისუფალი ვაჭრობის ყველაზე დიდი დამრღვევია მსოფლიოში", - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. 

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის საზღვაო ძალების ვერტმფრენი საბერძნეთის დროშის ქვეშ საერთაშორისო წყლებში მცურავ გემზე, Delta Poseidon-ზე დაეშვა და ეკიპაჟი, მათ შორის საბერძნეთის ორი მოქალაქე დაატყვევა.  სამინისტროს თქმით, მსგავსი ინციდენტი ირანის სანაპიროსთან დაფიქსირდა - საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ ერთ გემზე - Prudent Warrior-ზე, რომლის ბორტზე შვიდი ბერძენი მოქალაქე იმყოფებოდა. 

23 მაისს, აშშ-მ ბრძანება გასცა, რომ საბერძნეთის წყლებში დაკავებული რუსული ტანკერებიდან ირანული ნავთობი გადაეტანათ. რასაც თეირანში შვეიცარიის ელჩის მიმართ ირანული მხარის პროტესტი მოჰყვა. ელჩი წარმოადგენდა როგორც ამერიკის, ისე საბერძნეთის ინტერესებს. 

ირანის ბირთვული მოლაპარაკებების შეფერხებისა და გასულ კვირას თეირანში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკის მკვლელობის შემდეგ, ეს შემთხვევა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ირანი პროტესტის გამოხატვისთვის უცხო ქვეყნის გემებს აკავებს. გაერთიანებული სამეფოს მიერ ირანული ტანკერის დაკავების პასუხად, 2019 წელს ირანულმა ძალებმა ბრიტანული ხომალდი ორ თვეზე მეტ ხანს დააკავეს. გასულ წელს კი თეირანმა დააკავა გემი სამხრეთ კორეიდან, რითაც გაყინულ 7 მილიარდ დოლარზე წვდომის მოპოვებას ცდილობდა. 

კომენტარები