ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 5 მოთამაშეებს ჰუმანიტარული ვიზა მისცა მას შემდეგ, რაც მათ თავშესაფარი მოითხოვეს.
მოთამაშეებმა სამხრეთ კორეასთან მატჩის დაწყებამდე ეროვნული ჰიმნის სიმღერაზე უარი თქვეს, რის გამოც, ისინი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დასაჯონ.
ალბანეზის თქმით, დახმარებას სხვა მოთამაშეებსაც სთავაზობენ, თუმცა მათი გადასაწყვეტია, დათანხმდებიან თუ არა.
"ავსტრალიელები ამ მამაცი ქალების მძიმე მდგომარეობამ შეძრა. ისინი აქ უსაფრთხოდ არიან და თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც სახლში". - თქვა ალბანეზიმ.
მანამდე, მოთამაშეების მიერ თავშესაფრის თხოვნის შესახებ ცნობების ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავსტრალიის პრემიერს, ენტონი ალბანეზის ტელეფონით ელაპარაკა.
ტრამპმა თავდაპირველად Truth Social-ზე დაწერა, რომ ავსტრალია "საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას უშვებდა" იმით, რომ მოთამაშეებს სამშობლოში აბრუნებდა, "სადაც დიდი ალბათობით მოკლავდნენ". მანვე დაამატა, რომ აშშ მზად იყო, მათ მისაღებად, თუკი ავსტრალია უარს იტყოდა.
ხოლო მოგვიანებით ტრამპმა დაწერა, რომ ალბანეზის ელაპარაკა და "პრემიერმინისტრი ძალიან კარგად ართმევდა თავს ამ საკმაოდ მგრძნობიარე სიტუაციას". ტრამპა აღნიშნა, რომ ხუთი ფეხბურთელის სიტუაცია უკვე მოგვარებულია, თუმცა დაამატა, რომ "ზოგიერთი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ უნდა დაბრუნდეს, რადგან თავიანთი ოჯახების უსაფრთხოებაზე ღელავენ, მათ შორის ამ ოჯახის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, თუკი არ დაბრუნდებიან".
ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აზიის თასის შეჯიბრებაში მონაწილეობს, რომელსაც ავსტრალია მასპინძლობს.
ცნობისთვის, 9 მარტს პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) განაცხადა, რომ ირანის ეროვნული ნაკრების კეთილდღეობასთან დაკავშირებით სერიოზული შიშები არსებობს მას შემდეგ, რაც მათ სამხრეთ კორეასთან მატჩის დაწყებამდე ჰიმნის სიმღერაზე უარის თქმის გამო "ომის მოღალატეები" უწოდეს.
მოგვიანებით, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე ირანელმა ფეხბურთელებმა ჰიმნი იმღერეს, რის გამოც რიგი უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ მთავრობა მათზე ზეწოლას ცდილობს.





