ირანი

ირანმა სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა

NYTimes

ირანმა სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ნავთობრანკერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა თქვა, რომ ტანკერს არალეგალურად გადაჰქონდა არაბული ქვეყნებიდან სპარსეთის ყურის გავლით ნავთობი. მისივე თქმით დააკავეს 7 მეზღვაური. უცნობია რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა ტანკერი.

13 ივლისს ირანმა ამავე ბრალდებით პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა.

ასევე გასულ თვეს სათევზაო გემთან შეჯახების ბრალდებით ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის მიერ ტანკერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს.

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია. ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ირანის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ირანულ ტანკერში გაცვლა გამორიცხა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

კომენტარები