სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.
როგორც The Guardian აღნიშნავს, ირანის რეჟიმში მემკვიდრეობითი პრინციპით ძალაუფლების გადაცემა უჩვეულოა, თუმცა მოჯთაბას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) კონსერვატიულ ელემენტებთან ახლო კავშირები აქვს და მისი მხარდამჭერებისთვის ალი ხამეინის იდეოლოგიური ხაზის გაგრძელებას განასახიერებს.
ცნობისთვის, 4 მარტს ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ სწორედ მოჯთაბა ხამენეი აირჩია. თუმცა, ეს აქამდე ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა.
მოჯთაბას კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის მისაღები არ იქნებოდა, ხოლო ისრაელმა აღნიშნა, რომ მოჯთაბა შესაძლოა, მათი შემდეგი სამიზნე გახდეს
იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მომდევნო ლიდერის არჩევაში აშშ-ც უნდა იყოს ჩართული. ტრამპის თქმით, ცუდი იქნება, თუ ირანში ძალაუფლებას ჩაიგდებს ადამიანი, რომელიც "წინასავით ცუდი იქნება" და რამდენიმე დღის შემდეგ დაამატა, რომ ირანთან "უპირობო დანებების გარდა არანაირი შეთანხმება არ იქნება."
"უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება! ამისა და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) არჩევის შემდეგ, ჩვენ და ბევრი ჩვენი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირე და პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ირანი განადგურების ზღვარზე მყოფი მდგომარეობიდან დავაბრუნოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანს დიდი მომავალი ექნება" - დაწერა ტრამპმა 6 მარტს.
ამასთან, დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ABC News-თან საუბრისას თქვა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი "დიდხანს ვერ გასტანს", თუკი ირანელები გადაწყვეტილების მიღებამდე აშშ-ს თანხმობას არ მიიღებენ.
"მან [რედ. - ახალმა აიათოლამ] თანხმობა ჩვენგან უნდა მიიღოს. თუ ჩვენგან თანხმობა არ ექნება, დიდხანს ვერ გასტანს". - თქვა ტრამპმა





