NATO-შვედეთი

შვედეთის თავდაცვის მინისტრი: დისკუსიის გასამართად თურქეთში დიპლომატთა ჯგუფს გავაგზავნით

შვედეთის თავდაცვის მინისტრის,პიტერ ჰულტქვისტის თქმით, თურქეთთან უთანხმოების მოსაგვარებლად შვედეთი ანკარაში დიპლომატთა ჯგუფს გაგზავნის. 

"გავაგზავნით დიპლომატთა ჯგუფს, თურქეთთან დისკუსია გამართონ, რათა ვნახოთ, თუ რეალურად რას შეეხება ეს საკითხი და როგორ შეიძლება ის მოგვარდეს". – თქვა ჰულტქვისტმა.

გუშინ, 15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები