რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის "ტოტალური ჰიბრიდული ომით" ყველა დაზარალდება

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ "ტოტალური ჰიბრიდული ომი" დაიწყო.

"კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ, ცხადია, შედეგებს იგრძნობს ყველა, გამონაკლისის გარეშე". - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დასავლეთის მცდელობები რუსეთის იზოლირებისთვის წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან, მისი განმარტებით, რუსეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, ინდოეთთან და ალჟირთან.

"ჩვენთვის სანქციები უცხო არ არის. ისინი ყოველთვის არსებობდნენ, სხვადასხვა ფორმით". - თქვა ლავროვმა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები