რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

6 მაისს აზოვსტალიდან მოქალაქეების ევაკუაციისას 3 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, 6 დაშავდა

6 მაისს მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 3 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ინფორმაცია Українська правда-ს აზოვოს პოლკის სარდლობამ მიაწოდა.

მათივე ცნობით, 2 მებრძოლი უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ჩამოგდებულ ბომბებს, ხოლო 1 საევაკუაცია მანქანისთვის ნასროლ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას ემსხვერპლა.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები