რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად, მშვიდობიან მოქალაქეებში არის მსხვერპლი და არიან დაჭრილებიც. ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ გაავრცელა.

"მტრის მიერ ნასროლი რაკეტა ოდესის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა. სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და ოკუპანტებს გავანადგურებთ". - წერს მარჩენკო.

უკრაინის რადის დეპუტატის, ოლეკსეი გონჩარენკოს თქმით კი წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა 13 წლის ბიჭი, 18 წლის გოგონა კი დაიჭრა.

აგრეთვე, არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი რელიგიური ნაგებობაც.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები