რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვითარება მარიუპოლში არის კრიზისი კრიზისში" – გუტერეში ზელენსკის შეხვდა

Reuters

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

გუტერეშის თქმით, ვითარება მარიუპოლში არის "კრიზისი კრიზისში". 

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ხალხი გამოვიყვანოთ". - თქვა მან. 

მისივე სიტყვებით, არ გააკეთებს არანაირ კომენტარს, რომელიც "ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას". 

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მას "ინტენსიური დისკუსიები" ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, სჯერა, რომ შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე "წარმატებულ შედეგს" მიაღწიონ. 

გუტერეშმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების დარღვევა და გაერო აგრძელებს ბრძოლას ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის. მისივე ცნობით, გაეროს სასურსათო დახმარება უკვე მიიღო ორ მილიონზე მეტმა უკრაინელმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები