რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: უკრაინისთვის გამოყოფილი ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე ადგილზეა

Austin Fraley/U.S. Marine Corps/FILE

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინისთვის გამოყოფილი 90 ჰაუბიციდან ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია. 

"დღეს, ზუსტი რიცხვების მითითების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკრაინაშია". - თქვა კირბიმ. 

კირბის განმარტებით, უკვე 50 უკრაინელს ჩაუტარდა წვრთნა, თუ როგორ გამოიყენონ ჰაუბიცები. პრესსპიკერის თქმით, ისინი უკრაინაში ჩავლენ და საკუთარ ჯგუფს სამხედრო წვრთნას თავად ჩაუტარებენ. 

უკანასკნელი სამხედრო დახმარება აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 21 აპრილს დააანონსა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. Switchblades-ისა და ახალი Phoenix Ghost-ის გარდა, აშშ-მ უკრაინას მიაწოდა Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები