რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით აშშ უკრაინას ჰაუბიცებსა და დრონებსა გადასცემს

GENYA SAVILOV/AFP/GETTY

გუშინ, 21 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის გადაცემა დააანონსა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში მზარდი შეტაკებების გასამკლავებლად ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე საარტილერიო დახმარებას, 144 000 ჭურვსა და დრონებს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ გაგრძელდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება 

ახალ პაკეტში შედის:

  • 72 ცალი 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცები და მათთვის 144 000 ჭურვი. ასევე, 72-ვე ტაქტიკური ავტომობილი ამ ჰაუბიცების გადასაადგილებლად. ეს დახმარება აშშ-ს მიერ 13 აპრილს დამტკიცებულ 18 ჰაუბიცთან ერთად, უზრუნველყოფს საკმარის საარტილერიო სისტემებს ხუთი ბატალიონის აღჭურვისთვის. 
  • 121 ტაქტიკურ დრონს - Phoenix Ghost, რომელიც პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ომის დაწყებამდე შეიქმნა, თუმცა უკრაინელებთან მოლაპარაკებების მიხედვით, ეს ტაქტიკური დრონი სრულად მათ საჭიროებებზეა მორგებული. კირბის პასუხი წინააღმდეგობაშია პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კომენტართან: მან მანამდე აღნიშნა, რომ Phoenix Ghost "საჰაერო ძალებმა სწრაფად შექმნეს, კონკრეტულად უკრაინის მოთხოვნების საპასუხოდ". ზუსტად რა შესაძლებლობები აქვს დრონს უცნობია, რადგან პენტაგონის პრესსპიკერმა განმარტებაზე უარი თქვა. თუმცა, აღნიშნა, რომ დრონი Switchblade-ის ე.წ. კამიკაძე დრონის "მსგავსია".  Switchblade-ები აშშ-მ უკრაინას უკვე მიაწოდა.
  • უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით საველე აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. Switchblades-ისა და ახალი Phoenix Ghost-ის გარდა, აშშ-მ უკრაინას ასევე მიაწოდა Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა. 

კომენტარები