რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი არა მხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერი სახის ვაჭრობას იარაღად მიიჩნევს

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ევროპის დასაშანტაჟებლად ენერგორესურსებს იყენებს.  

მისივე სიტყვებით, რუსეთის გადაწყვეტილება, შეუწყვიტოს პოლონეთსა და ბულგარეთს გაზით მომარაგება, აჩვენებს, რომ ევროპაში "ვერავის ექნება რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნების იმედი". 

"რუსეთი იარაღად მიიჩნევს არა მხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერი სახის ვაჭრობას. ის უბრალოდ ელოდება მომენტს, როდესაც ამა თუ იმ სავაჭრო ზონის გამოყენება შეეძლება". - ამბობს ზელენსკი.  

მისივე თქმით, რუსეთი გაერთიანებულ ევროპას სამიზნედ მიიჩნევს და კონტინენტზე რაც უფრო ადრე შეთანხმდება ყველა, რომ ვაჭრობის საკითხზე რუსეთზე დამოკიდებულები ვერ იქნებიან, მით უფრო მალე მიიღწევა სტაბილურობა. 

რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა - მიზეზი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე ნათქვამი უარია.  პოლონეთის მთავრობის განცხადებით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

 რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები