რუსული კანონი

კავკასიის უნივერსიტეტს ლევან ბერძენიშვილიც ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს ლევან ბერძენიშვილიც ტოვებს - ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს." - წერს ბერძენიშვილი.

ჯერჯერობით, ლევან ბერძენიშვილი მეოთხე ლექტორია, ვინც კავკასიის უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

14 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ "29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან ბიძინას ვაგინებდი". მისივე ინფორმაციით, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და სამსახურიდან "რეორგანიზაციის საბაბით" გაუშვეს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტიმა ნიკო ნერგაძემ დაწერა, რომ 10 წელზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტში ასწავლის, თუმცა მიმდინარე სემესტრი უკანასკნელი იქნება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო.  იგივე გადაწყვეტილება მიიღო ნინიკო რობაქიძემაც, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლის შემდეგ თანამშრომლობს, თუმცა ახლა მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. უნივერსიტეტს ტოვებს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც, რომელმაც ასევე დაწერა, რომ ამის მიზეზი "ადმინისტრაციის პოზიცია და გადაწყვეტილებებია".

გარდა ამისა, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია, ერთ-ერთია 38 რექტორს შორის, ვინც რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა, სადაც ხაზგასმულია, რომ "პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს".

ტაბულა ცდილობს კავკასიის უნივერსიტეტის რექტორთან, კახა შენგელიასთან დაკავშირებას. მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები