რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს დროებით აუქმებს

კიევის თხოვნის შემდეგ, ევროკომისიამ უკრაინასთან დროებითი "ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები" მიიღო, რაც ყოველგვარ იმპორტზე დამატებითი გადასახადების, ტარიფებისა და კვოტების განსაზღვრული ვადით მოხსნას გულისხმობს

"ეს დროებითი და განსაკუთრებული ზომები უკრაინიდან ევროკავშირში იმპორტის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას". - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. 

ევროკომისიის ცნობით, რუსეთს უკრაინაში შეჭრამ გლობალური ეკონომიკური სურათი მკვეთრად შეცვალა, შესაბამისად, ამ უკანასკნელი ზომის მიღება და ევროკავშირსა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირის მხრიდან "მიზანშეწონილი და აუცილებელია".

ევროკომისია აცხადებს, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოქმნის. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ იმპორტის გადასახადის დროებით 0-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სამრეწველო და სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს - უკრაინიდან ევროკავშირში.

"ამ საკითხზე პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკისაც ვესაუბრე, ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერის გზებზე. ასევე აღვნიშნეთ, რომ ევროკომისიის წინადადება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს". - თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

აქამდე, მსგავსი ინიციატივით დიდი ბრიტანეთიც გამოვიდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად უკრაინიდან ბრიტანეთში შესულ საქონელზე ყველა დამატებითი გადასახადი მოიხსნება

ტარიფები ნულამდე შემცირდება და არსებული კვოტები მოიხსნება, რაც უკრაინაში ბიზნესს და ისეთი ძირითადი პროდუქტების ექსპორტს შეუწყობს ხელს, როგორებიცაა ქერი, თაფლი, დაკონსერვებული პომიდორი და ფრინველის ხორცი. 

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები