რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნულანდი: აშშ-მ უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის სისტემების მიწოდება დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა Європейській правді-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების (MLRS) მიწოდება დაიწყო. მისი ინფორმაციით, სამხედრო დახმარების უახლეს პაკეტში მრავალი გამშვები სარაკეტო სისტემა და მძიმე არტილერია შედის.

"ჩვენ უკრაინას ზალპურ ცეცხლის სისტემებს უკვე ვაწვდით". - თქვა ნულანდმა.

აშშ-ს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობენ, რათა უკრაინას რაც შეიძლება მეტი რეაქტიული სისტემა გადასცენ.

ინტერვიუს დროს ნულანდმა აღნიშნა, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან საფრენი აპარატების ნაწილები მიიღო.

"ვინაიდან მოკავშირეებისგან საფრენი აპარატების ნაწილები მიიღეთ, თქვენ [უკრაინას] ახლა უფრო მეტი თვითმფრინავი გაქვთ, ვიდრე ერთი კვირის წინ გქონდათ. ასე რომ, აბსოლუტურად გასაგები რომ იყოს, ჩამოვთვლი: ზალპური ცეცხლის სისტემები გადაცემულია, ამასთან ერთად, არიან მოკავშირეები, რომლებიც თვითმფრინავებზე მუშაობენ. სამხედრო თვითმფრინავებისთვის სათადარიგო ნაწილების დიდი რაოდენობა არსებობს, რაც უკვე სიტუაციას ცვლის". - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

21 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის გადაცემა დააანონსა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში მზარდი შეტაკებების გასამკლავებლად ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე საარტილერიო დახმარებას, 144 000 ჭურვსა და დრონებს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ გაგრძელდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება 

ახალ პაკეტში შედის:

  • 72 ცალი 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცები და მათთვის 144 000 ჭურვი. ასევე, 72-ვე ტაქტიკური ავტომობილი ამ ჰაუბიცების გადასაადგილებლად. ეს დახმარება აშშ-ს მიერ 13 აპრილს დამტკიცებულ 18 ჰაუბიცთან ერთად, უზრუნველყოფს საკმარის საარტილერიო სისტემებს ხუთი ბატალიონის აღჭურვისთვის. 
  • 121 ტაქტიკურ დრონს - Phoenix Ghost, რომელიც პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ომის დაწყებამდე შეიქმნა, თუმცა უკრაინელებთან მოლაპარაკებების მიხედვით, ეს ტაქტიკური დრონი სრულად მათ საჭიროებებზეა მორგებული. კირბის პასუხი წინააღმდეგობაშია პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კომენტართან: მან მანამდე აღნიშნა, რომ Phoenix Ghost "საჰაერო ძალებმა სწრაფად შექმნეს, კონკრეტულად უკრაინის მოთხოვნების საპასუხოდ". ზუსტად რა შესაძლებლობები აქვს დრონს უცნობია, რადგან პენტაგონის პრესსპიკერმა განმარტებაზე უარი თქვა. თუმცა, აღნიშნა, რომ დრონი Switchblade-ის ე.წ. კამიკაძე დრონის "მსგავსია".  Switchblade-ები აშშ-მ უკრაინას უკვე მიაწოდა.
  • უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით საველე აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. Switchblades-ისა და ახალი Phoenix Ghost-ის გარდა, აშშ-მ უკრაინას ასევე მიაწოდა Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები