რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, ევროპულმა კომპანიებმა რუსული გაზი რუბლებში, სანქციების დარღვევის გარეშე შეიძინონ

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევის მიხედვით, ევროპულმა კომპანიებმა, შესაძლოა, რუსული გაზი რუბლებში, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების დარღვევის გარეშე შეიძინონ.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, პროცესში რუსეთის ცენტრალური ბანკიც მონაწილეობს და აღწერილია, თუ როგორ გაგრძელდება თანხის გადახდა ევროსა და დოლარში. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.

"კონტრაქტების 97% თანხის ევროში ან დოლარში გადახდას ცალსახად ითვალისწინებს. ასეთი კონტრაქტების მქონე კომპანიები რუსეთის მოთხოვნებს არ უნდა დაემორჩილონ". - თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

რუსეთის მოთხოვნის თანახმად, კომპანიებს ანგარიში Gazprom-ის ბანკში უნდა ჰქონდეთ გახსნილი, რათა ბუნებრივი აირის ყიდვა რუბლში შეძლონ. ამასთან ერთად, კომისიის მიხედვით, რუსეთის ცენტრალური ბანკი, შესაძლოა, Gazprom-ის ვალუტის კონვერტაციაში ჩაერთოს.

"როგორც ჩანს, მოსკოვის განკარგულება ენერგეტიკული გადახდების რუსულ ვალუტაში განხორციელების შესახებ არ გამორიცხავს გადახდის პროცესს, რომელიც ევროკავშირის შემზღუდველ ზომებს შეესაბამება.

[...] ევროპის კომპანიებს შეუძლიათ რუს კოლეგებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულდება მოსთხოვონ, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ანუ თანხის დეპონირება ევროში ან დოლარში". - წერია ევროკავშირის გზამკვლევში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

არამეგობრული ქვეყნების სიაში მყოფებს თუ სურთ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენა, მათ აქ საბანკო ანგარიშების გახსნა მოუწევთ. ეს კანონი ძალაში პირველ აპრილს შევიდა. 

"არამეგობრული" ქვეყნებიდან თუ უარს იტყვიან ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ამ ქსელიდან რუსეთის გათიშვა უდიდეს ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. ეს ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები