დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ალიევი: სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის მთლიანობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ მასზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს.

ალიევის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს და საჭიროა კონკრეტული პროცესი ახლო მომავალში დაიწყოს.

"წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო... სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი". – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესის შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღში, ქალაქ შუშაში გაიმართა.

ზემოხსენებული პრინციპები მოიცავს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასაც.

ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო წინადადებების წარდგენით ბაქომ "კეთილი ნება და შორსმჭვრეტელობა გამოავლინა". მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ სომხეთი შეთანხმებაზე უარს იტყვის, აზერბაიჯანი მის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ერევანს 2020 წლის ყარაბაღს ომის შედეგებით დაემუქრა.

"რევანშიტულმა ძალებმა, რომლებიც სომხეთში თავს პერიოდულად წამოყოფენ ხოლმე, უნდა იცოდნენ, რომ ეს (სამშვიდობო შეთანხმება) მათი ერთადერთი გამოსავალი და ბოლო შანსიც კი არის. თუ მასზე უარს იტყვიან, მაშინ ჩვენც უარს ვიტყვით ვაღიაროთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და ამას ოფიციალურად განვაცხადებთ. ყარაბაღის მეორე ომის შედეგებიდან გამომდინარე, სომხურ მხარეს კარგად უნდა ესმოდეს, რას გამოიწვევს ასეთი ნაბიჯი". – აღნიშნა ალიევმა.

ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრა გასული თვის დაძაბულობის შემდეგ გაიმართა. მარტში, ყარაბაღში, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანმა, სომხეთის ბრალდებით, ერთი სოფელი დაიკავა და იყო შეტაკებებიც, რასაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი რამდენიმე სომეხის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დაძაბულობას მოჰყვა ბაქოსა და მოსკოვის ოფიციალური უწყებების მწვავე განცხადებების გაცვლაც.

ვრცლად ყარაბაღის გასული თვის დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

ამას გარდა, ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მუდმივი დაძაბულობა და შეტაკებები იყო.

კომენტარები