დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, ბრიტანეთი კიევში საელჩოს ხელახლა გახსნის მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ის დროებით ლვოვში გადაიტანა. დიდი ალბათობით, საელჩო მომდევნო თვის დასაწყისში გაიხსნება.
ამასთან ერთად, 15 აპრილს იტალიისა და საფრანგეთის ელჩები, პიერ ფრანჩესკო ძაძო და ეტიენ დე პონსენი საელჩოების ხელახლა გასახსნელად კიევში დაბრუნდნენ. ხოლო 13 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთმა კიევში დიპლომატიური საქმიანობა აღადგინა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





