დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბრიტანეთს საელჩო ლვოვში გადააქვს, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

REUTERS/Gleb Garanich/File Photo

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად,  ბრიტანეთს უკრაინის დედაქალაქში, კიევში საელჩოს ოფისი  დროებით ქალაქ ლვოვში გადააქვს. 

"რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად შეაფერხებს ბრიტანეთის მთავრობას, გაწიოს უკრაინაში საკონსულო დახმარება". - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთანავე,ბრიტანეთი  მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა მანამ სანამ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. 

"სიტუაციის გათვალისწინებით, ბრიტანელი მოსახლეობა არ უნდა ელოდოს გაზრდილ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას". -  ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


18 თებერვალს დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები