რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის სთხოვს, მარიუპოლის მცველებსა და მოქალაქეებში გაცვალონ

სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული უკრიანელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მიმართავს და მათ მარიუპოლის მცველებსა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებში გაცვლას სთხოვს. 

"მე, ვიქტორ მედვედჩუკი, მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მცველებსა და  მაცხოვრებლებში, რომლებიც დღეს იქ იმყოფებიან და არ შეუძლიათ უსაფრთხოდ დატოვონ ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით".- ამბობს მედვედჩუკი ვიდეომიმართვაში. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ოლიგარქი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედვედჩუკის ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა, რაზეც კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა,  რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და "სპეცოპერაციასთან" კავშირი არ აქვს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები