რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

26 მანქანა, 55 სახლი, 17 ავტოსადგომი და იახტა – ლვოვის სასამართლომ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა

Володимир Зеленський / Facebook

ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა.  

დაყადაღებულ ქონებას შორის არის - 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 23 კერძო სახლი, 32 ბინა, 17 ავტოსადგომი და იახტა.

ასევე, დაყადაღებულია 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები, რომელთა მფლობელები ვიქტორ მედვედჩუკი ან მისი მეუღლე არიან. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა. დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მედვედჩუკს ხელბორკილი ადევს და უკრაინის სამხედრო ფორმა აცვია.

მედვედჩუკი ქვეყნის ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. UNIAN-ის ცნობით, რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც. 

ზელენკსიმ რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და "სპეცოპერაციასთან" კავშირი არ აქვს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები