რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვის მერი: რუსებისთვის წმინდა არაფერია

ლვოვის მერის, ანდრი სადოვიის შეფასებით, რუსეთი უკრაინაში გენოციდს სჩადის

"რუსებისთვის წმინდა აღარაფერი დარჩა". - თქვა მერმა. 

მერმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ერთადერთი არჩევანი ბრძოლაა. მისი თქმით, "მტერს უკრაინის ერის განადგურება სურს". მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ახლა მსოფლიოს იცავს, რადგან ბრძოლა დემოკრატიულ სამყაროსა და ტოტალიტარულ რეჟიმს შორისაა. 

დღეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, შემთხვევას  6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 8, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. 

13 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა. ბაიდენის სიტყვების შეფასებისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ გენოციდის მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან "ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები