რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე: ჩვენი სიახლოვის გათვალისწინებით, სხვანაირად არც შეგვეძლო

Shalva Papuashvili / Twitter

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის გათვალისწინებით, მისი უკრაინაში ვიზიტი აუცილებელი იყო. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადის თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. ჩვენი ხალხების სიახლოვის გათვალისწინებით სხვანაირად არც შეგვეძლო. კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც განგვსაზღვრავს, გვაძლიერებს და გვაერთიანებს და რასაც ჩვენი ერები გულითადად უფრთხილდებიან. შესაბამისად, ჩვენ, ქართველები, ჩამოვედით კიევში გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად, თქვენი ტკივილის გაზიარებისთვის, უკრაინელ ხალხთან გვერდში დგომისთვის". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, უცხო არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.

"ამ სურათების შემყურე, ჩვენ, ქართველებს, რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩები და ირპენები გვახსენდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი". - თქვა პაპუაშვილმა.

8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებების გარეშე "არასათანადოდ" ჩანს. 

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად" – ასე უპასუხა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბუჩაში მიწვევის "არასათანადოდ" მოხსენიებას. 

"არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს". – დაწერა სტეფანჩუკმა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება – "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს". 3 აპრილს კი, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

საქართველოს მთავრობის "ამორალური პოზიციის" გამო უკრაინის პრეზიდენტმა ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ელჩი ქვეყნიდან საბოლოოდ 31 მარტს გაიწვია.

იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაში იყო ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და უკრაინის მხარეს მტკიცებულების წარდგენა მოსთხოვა. ასევე, აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

კომენტარები