რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილვესი: საქართველოს [მთავრობის] პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია

ტოომას ჰენდრიკ ილვესი
Gobernar con Datos

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მოქმედებები შეაფასა. მისი თქმით, უმოქმედობის გამო მთავრობა რუსეთის თანამონაწილედ იქცა, ამიტომ "პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია". 

"საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით და საქართველო რამე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ". - თქვა ილვესმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ილვესის შეფასებით, თუ საქართველო ასე მოქცევას გააგრძელებს, "არცერთი ქვეყანა არ გაანძრევს თითს საქართველოს დასახმარებლად". მისი თქმით, დასავლეთი საქართველოზე გადაწყვეტილებას მიიღებს არა მოტივების, არამედ მოქმედებების გათვალისწინებით. 

"ჩვენ გადაწყვეტილებებს მოტივაციებზე დაყრდნობით არ მივიღებთ - მივიღებთ იმის მიხედვით, როგორც იქცევით, და ასე თუ მოიქცევით, უნდა გაიაზროთ, რომ გამორიცხულია, იმ ქვეყნებმაც კი თითი გაანძრიონ თქვენ [დასაცავად], რომლებიც აქამდე მხარს გიჭერდნენ. ვინ ენდობა საქართველოს, რომ ნატოს მეხუთე მუხლს დაიცავს, თუ თავად მას არ დაესხმიან თავს? რა მოხდება, თუ საქართველოს მივიღებთ ნატოში, მერე რომელიმე სხვა ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, და საქართველო იტყვის - არა, უკაცრავად, მეხუთე მუხლს მხარს ვერ დავუჭერთ?". - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს". 3 აპრილს კი, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

საქართველოს მთავრობის "ამორალური პოზიციის" გამო უკრაინის პრეზიდენტმა ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ელჩი ქვეყნიდან საბოლოოდ 31 მარტს გაიწვია.

იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაში იყო ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო. 

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებების გარეშე არასათანადოდ ჩანს.

11 აპრილს კი ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები უკრაინაში წასასვლელად მზად არიან და თუკი უკრაინა ერთ სიტყვას მაინც უკან წაიღებს, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

კომენტარები