საქართველოს მთავრობა

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმში არა საგარეო მინისტრის, პრემიერის გადაადგილებაც არაფერს ცვლის

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის გადაყენებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის საქართველოს ელჩად დანიშვნას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში არათუ საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ პრემიერმინისტრის ცვლილებაც არაფერს ნიშნავს.

"ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არა თუ საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ პრემიერმინისტრის გადაადგილებაც კი არსებითად არაფერს არ ცვლის. ერთი კაცი მართავს ყველაფერს. მიუხედავად ამისა, გადაადგილებები მეტყველებს ხოლმე ტენდენციებზე, თუ საით უნდა ხოლმე იმ კაცს. რომ წაიყვანოს საქმე.  ამ თვალსაზრისით ეს გადაადგილებაც, როცა ყველა ნიშანია, რომ ღარიბაშვილის პირადი ასისტენტი და თანაშემწე დანიშნეს მინისტრად, იმ ტენდენციის გაღრმავებაა, რომელიც ყველაზე უფრო საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის – რომ ივანიშვილის გარემოცვის ეს ფრთა, ღარიბაშვილი, ბოლომდე იმტკიცებს პოზიციებს თანმიმდევრულად პუტინისტური კადრებით გარშემო. 

მე ამ კაცის განცხადება ვნახე, შეგიძლია ამოიღოთ არქივიდან, ღარიბაშვილის ოდნავ ნაკლებად აგრესიული ვერსიაა. ამიტომ დიახ, საფუძვლიანია იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირადი გარემოცვით იმყარებს პოზიციებს ივანიშვილის ქვეშ ეს ადამიანი. უბრალოდ არ მინდა, რომ გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭოთ, იმიტომ, რომ განვმეორდები, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მთავარი ფიგურა არის თვითონ. ეს კურსი, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია, არის მისი განსაზღვრული და არა ღარიბაშვილის. აქ ზალკალიანშიც არ არის საქმე. ელჩის პერსონას მნიშვნელობა აქვს, ოღონდ მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის ხელისუფლებას გააჩნია დაახლოების ან პოლიტიკის გატარების გარკვეული კურსი. [...] ზალკალიანი იქნება თუ სხვა ელჩი, ბევრს არაფერს არ შეცვლის, იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება". – თქვა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, მის შემცვლელად კი,  მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა.

კომენტარები