რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ის ომის დამნაშავეა" – კარლა დელ პონტე ICC-ს პუტინის დაკავების ორდერის გამოცემისკენ მოუწოდებს

გაეროს ყოფილი მთავარი პროკურორი, კარლა დელ პონტე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის პრეზიენტის, ვლადიმირ პუტინის ქმედებების საპასუხოდ დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოიცეს.

"პუტინი ომის დამნაშავეა". - თქვა კარლა დელ პონტემ, რომელიც რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში ომის დანაშაულების ტრიბუნალების ხელმძღვანელი იყო. 

მისივე სიტყვებით, თუ სასამართლო დაკავების ორდერს გამოსცემს, ეს ნიშნავს, რომ "საგამოძიებო სამუშაოები ჩატარდა". მისივე სიტყვებით, უკრაინიდან გავრცელებულმა კადრები "შოკისმომგვრელია" და მასობრივმა საფლავებმა იუგოსლავიაში მომხდარი მსგავსი სისასტიკე გაახსენა.  

"იმედი მქონდა, რომ მასობრივ საფლავებს აღარასდროს ვნახავდი. ამ გარდაცვლილებს ჰყავდათ საყვარელი ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან, რა ბედი ეწიათ მათ. ეს მიუღებელია". - თქვა მან.  

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ - ბომბავენ სკოლებს, კორპუსებს, საავადმყოფოებსა და სამშობიაროებს. ალყაშემორტყმულ ქალაქებში რუსები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ხელს უშლიან, რის გამოც დაბომბილ ქალაქებში უამრავი ადამიანი შიმშილობს. უკრაინელი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები მოქალაქეებს სასტიკად ექცევიან - კაცებს ხვრეტენ, ქალებს კი აუპატიურებენ. ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 150-ზე მეტი ბავშვი, თუმცა, ეს ზუსტი მონაცემები არ არის, რადგან ქალაქ მარიუპოლში მონაცემები დათვილი არაა. განსაკუთრებით რთულია სიტუაცია მარიუპოლში, რომელსაც რუსი ოკუპანტები მუდმივად ბომბავენ. გუშინ, 2 აპრილს უკრაინელებმა ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, სადაც 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები