რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიზ თრასი და სერგეი ლავროვი ინდოეთში ერთდროულად იმყოფებიან

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი და მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი ერთდროულად იმყოფებიან ინდოეთში დელთან კავშირების გაძლიერების მოტივით. 

ლიზ თრასი დელის მოუწოდებს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, დაუპირისპირდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ქვეყანაში რუსული პროდუქტის იმპორტი შეამციროს. 

სერგეი ლავროვი, რომელსაც დღეს ინდოეთის პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი, სავარაუდოდ, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით, მათ მეტი რუსული ნავთობისა და გაზის შეძენისკენ მოუწოდებს. 

საერთაშორისო სასაქონლო კვლევითი ჯგუფის, Kpler-ს მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვლის თვეებში ინდოეთს რუსეთისგან ნავთობი არ შეუსყიდია, თუმცა მარტისა და აპრილის კონტრაქტების მიხედვით, მან უკვე 6 მილიონი ბარელის იმპორტი მოახდინა.

ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი კიდევ მოხდება, ეს მათი საერთო მარაგების ძალიან მცირე ნაწილს შეავსებს. 

დელიში გამართულ შეხვედრაზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა "თავისუფლების ქსელზე" და აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნების კოალიციური მოქმედება აგრესორის შესაჩერებლად. თუმცა, ლიზ თრასმა ასევე თქვა, რომ ინდოეთი სუვერენული სახელმწიფოა და ბუნებრივია, დიდ ბრიტანეთს არ აქვს უფლება, მათ საშინაო პოლიტიკაში ჩაერიონ. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები