რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ უკრაინას აწვდის საბჭოთა სისტემებს, რომელთაც პენტაგონი საიდუმლოდ აგროვებდა

SA-8 Gecko (9К33 Оса)

The Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ აპირებს უკრაინას გადასცეს საბჭოთა საჰაერო თავდაცვის შეიარაღება, რომელსაც პენტაგონი წლების განმავლობაში საიდუმლოდ აგროვებდა. ამის შესახებ გამოცემასთან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად ისაუბრა.

ანონიმური წყაროს თქმით, შეიარაღებაში, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, შედის SA-8 (9К33 Оса). როგორც გამოცემაში ამბობენ, მსგავს საბჭოთა სარაკეთო თავდაცვის სიტემებს აშშ ბოლო რამდენიმე ათწლეული აგროვებდა, რათა მათი შესაძლებლობები შეესწავლათ. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ შეიარაღების გამოყენება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იციან და მისი მოხმარებისთვის წვრთნები საჭირო არაა. 

პენტაგონმა ამ საკითხზე WSJ-სთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. 

როგორც WSJ წერს, აშშ-ს მიერ საბჭოთა შეიარაღების საიდუმლო შეგროვებამ საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ 1994 წელს მიიპყრო, როდესაც ჰანსტვილის აეროპორტში დიდი საბჭოთა წარმოების თვითმფრინავი შენიშნეს. შემდეგში საიდუმლო ინფორმაციის დეკლასიფიკაციის შედეგად გაირკვა, რომ თვითმფრინავით ამერიკაში С-300-ების საზენიტო-სარაკეტო სისტემები ბელარუსიდან ჩამოიტანეს, რაც პენტაგონისა და საიდუმლო კონტრაქტორის პროექტი იყო, რაც აშშ-ს $100 მილიონი დაუჯდა, როგორც ამას მისიაში ჩართული ყოფილი ოფიციალური პირი იუწყებოდა. WSJ-სთან აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ უკრაინისთვის გაგზავნილ შეიარაღებაში არ შევა ბელარუსიდან ჩამოსული ზემოხსენბეული С-300-ები.

საბჭოთა დანადგარების ნაწილი ინახება ალაბამაში, რედსტოუნის არსენალში, როგორც ამას გამოცემა წერს. 

ამას გარდა, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრმა სლოვაკეთმა გამოთქვა წინასწარი მზადყოფნა, უკრაინას გადასცენ საბჭოთა პერიოდის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთში განთავსდა ამერიკული Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს. 

როგორც The Washington Post-ი გასულ დღეებში წერდა, განიხილებოდა უკრაინისთვის С-300-ების გაგზავნის შესაძლებლობა.

აქამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთისგან მიეღო МиГ-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. პენტაგონმა გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ უკრაინისთვის "МиГ-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი" და მათი გაგზავნა "არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას". ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკელი, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების კრიტიკა. 11 მარტს ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის გადაეცათ თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

რადგან რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს, გამანადგურებლებს თავად უკრაინა ითხოვდა. ამას გარდა, კიევს სურდა NATO-ს უკრაინის თავზე ცა ჩაეკეტა, რაზეც დასავლეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან ეს რუსულ საჰაერო ძალებთან პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა. ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მიიჩნევდნენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილის რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს განადგურდა.

გასულ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის საბჭოთა საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას.

ლავროვის თქმით, დასავლეთს არ აქვს სამართლებრივი უფლება, რუსეთის თანხმობის გარეშე, უკრაინას საბჭოთა წარმოების დანადგარები გადასცეს, რადგან მათ იარაღის სერტიფიკატები ზღუდავთ.

ასევე, როგორც ლავროვი ამბობს, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება. 

კომენტარები