რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთში NATO-ს ქვეყნების მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება დაიწყო

REUTERS/Ints Kalnins

სლოვაკეთში NATO-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩასვლა და განთავსება დაიწყო. სისტემაზე გერმანიის და ნიდერლანდების სამხედრო ძალები იმუშავებენ. თავდაპირველად ის სლოვაკეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე აეროპორტში განთავსდება. ქვეყნის განმარტებით, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერებაა.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის თქმით, Patriot-ის სისტემები S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემასთან ერთად ქვეყნის თავდაცვისთვის  შემავსებელი რგოლი იქნება და არა მათი შემცვლელი.

17 მარტს სლოვაკეთმა გამოთქვა წინასწარი მზადყოფნა, უკრაინას გადასცენ საბჭოთა პერიოდის S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და NATO ჯერ კიდევ განიხილავენ, თუ როგორ ჩაანაცვლებენ სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას და როგორ მიაწვდიდნენ სისტემებს უკრაინას. ამავე წყაროების ცნობით, სლოვაკეთს სურდა, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსები დაუყოვნებლივ ჩაენაცვლებინათ.

CNN-ი კიდევ 2 წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას S-300 სისტემებს გადასცემენ, სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის სისტემებს მიიღებენ.

S-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მსგავსად S-400 სისტემისა, უკრაინელ სამხედროებს ამ კომპლექსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ ასამუშავებლად გადამზადება არ დასჭირდებათ.

აქამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთისგან მიეღო МиГ-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. პენტაგონმა გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ უკრაინისთვის "МиГ-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი" და მათი გაგზავნა "არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას". ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკელი, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების კრიტიკა. 11 მარტს ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის გადაეცათ თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

რადგან რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს, გამანადგურებლებს თავად უკრაინა ითხოვდა. ამას გარდა, კიევს სურდა NATO-ს უკრაინის თავზე ცა ჩაეკეტა, რაზეც დასავლეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან ეს რუსულ საჰაერო ძალებთან პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა. ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მიიჩნევდნენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილის რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს განადგურდა.

კომენტარები