რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: არ დავუშვებთ უკრაინისთვის С-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდებას

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ ლავროვმა Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს სერიოზული პრობლემაა და გარწმუნებთ, რომ ამ რისკების მატერიალიზაციას არ დავუშვებთ". – თქვა ლავროვმა უკრაინისთვის დასავლეთის მიერ საბჭოთა სისტემების მიწოდების შესახებ. 

ლავროვის თქმით, დასავლეთს არ აქვს სამართლებრივი უფლება, რუსეთის თანხმობის გარეშე, უკრაინას საბჭოთა წარმოების დანადგარები გადასცეს, რადგან მათ იარაღის სერტიფიკატები ზღუდავთ.

ასევე, როგორც ლავროვი ამბობს, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება. 

აქამდე, 12 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, მათ აშშ გააფრთხილეს, რომ იარაღის მიმწოდებელი კოლონები ლეგიტიმური სამიზნეები გახდებოდა. 

გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრმა სლოვაკეთმა გამოთქვა წინასწარი მზადყოფნა, უკრაინას გადასცენ საბჭოთა პერიოდის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს. 

როგორც The Washington Post-ი გასულ დღეებში წერდა, განიხილებოდა უკრაინისთვის С-300-ების გაგზავნის შესაძლებლობა.

აქამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთისგან მიეღო МиГ-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. პენტაგონმა გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ უკრაინისთვის "МиГ-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი" და მათი გაგზავნა "არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას". ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკელი, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების კრიტიკა. 11 მარტს ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის გადაეცათ თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

რადგან რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს, გამანადგურებლებს თავად უკრაინა ითხოვდა. ამას გარდა, კიევს სურდა NATO-ს უკრაინის თავზე ცა ჩაეკეტა, რაზეც დასავლეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან ეს რუსულ საჰაერო ძალებთან პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა. ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მიიჩნევდნენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილის რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს განადგურდა.

კომენტარები