რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია ცის ჩაკეტვაზე: არ გვინდა NATO-ს თვითმფრინავები, მოგვცენ საჰაერო თავდაცვის სისტემები

დავით არახამია
დავით არახამია

უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა და ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა, დავით არახამიამ, რომელიც მონაწილეობას იღებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში და კიევის დელეგაციის წევრია, Fox News-თან თქვა, რომ NATO-ს მიერ ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უშუალოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზეც თანახმა იქნებიან. 

"ვიცით, რომ ბოლო კვლევებით აშშ-ს მოქალაქეების 70%, ამერიკელი ხალხი, მხარს უჭერს, რომ რუსული თვითმფრინავები შევაჩეროთ. ამის გაკეთება სხვადასხვა გზებით შეიძლება, არა მხოლოდ იმ გარანტიების უზრუნველყოფით, რისიც NATO-ს ეშინია, არამედ ასევე უკრაინისთვის თავდაცვის იარაღების მიწოდებით, რათა თავდაცვა შევძლოთ. არ გვჭირდება NATO-ს თვითმფრინავები, მოგვეცით საჰაერო თავდაცვის რაკეტები და საქმეს ჩვენით გავაკეთებთ", – უპასუხა არახამიამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა შეიძლება იყოს არასაფრენი ზონის გამოცხადების ალტერნატივა.

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ქვეყნებს უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის გამოცხადებას სთხოვს, რათა რუსეთმა  ომში დაკარგოს საჰაერო უპირატესობა. მსგავსი ზონის მხოლოდ გამოცხადება არ კმარა. დაწესებული შეზღუდვის შესასრულებლად საჭიროა ჯარის ნაწილები, რომლებიც საჰაერო სივრცეში უკანონოდ შემოსვლას აღკვეთენ. შესაბამისად, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ცას აკრძალულ ზონად გამოაცხადებს, თუ აქ შეფრინდება რუსული თვითმფრინავი, მათ მისი ჩამოგდება მოუწევთ. დასავლეთში უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვას ამ მომენტამდე არ აპირებენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები