რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: სლოვაკეთი თანახმაა, უკრაინას С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300

CNN-ის ინფორმაციით, სლოვაკეთმა გამოთქვა წინასწარი მზადყოფნა, უკრაინას გადასცენ საბჭოთა პერიოდის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

მედია საქმის კურსში მყოფ 3 წყაროს ეყრდნობა.

CNN-ი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ და NATO ჯერ კიდევ განიხილავენ, თუ როგორ ჩაანაცვლებენ სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას და როგორ მიაწვდიან სისტემებს უკრაინას.

2 ანონიმური წყაროს ცნობით, სლოვაკეთს, რომელიც NATO-ს იმ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელსაც  С-300-ების სისტემა აქვს, სურს, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსები დაუყოვნებლივ ჩაუნაცვლონ.

კიდევ 2 წყაროს ცნობით, ქვეყნები, რომლებიც უკრაინას С-300-ებს გადასცემენ, სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის სისტემებს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში გერმანიამ და ნიდერლანდებმა თქვეს, რომ სლოვაკეთში სწორედ ამ სისტემას გაგზავნიან. თუმცა, სლოვაკეთის შემთხვევაში, ახალი საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მოღებასთან ერთად საჭირო იქნება მათი გამოყენების სწავლებაც.

აქამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთისგან მიეღო МиГ-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. პენტაგონმა გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ უკრაინისთვის "МиГ-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი" და მათი გაგზავნა "არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას". ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკელი, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების კრიტიკა. 11 მარტს ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის გადაეცათ თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

რადგან რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს, გამანადგურებლებს თავად უკრაინა ითხოვდა. ამას გარდა, კიევს სურდა NATO-ს უკრაინის თავზე ცა ჩაეკეტა, რაზეც დასავლეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან ეს რუსულ საჰაერო ძალებთან პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა. ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მიიჩნევდნენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილის რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს განადგურდა.

როგორც The Washington Post-ი გასულ დღეებში წერდა, განიხილებოდა უკრაინისთვის С-300-ების გაგზავნის შესაძლებლობა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ბრიუსელსა და სლოვაკეთში ვიზიტი დაიგეგმა, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ოსტინი ბრიუსელში NATO-ს წევრების წარმომადგენლებს შეხვდება. ამას გარდა, სლოვაკეთი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოსტინი განცალკევებულ ფორმატში, ორმხრივი საუბრების ფარგლებში ეწვევა. აქამდე, სლოვაკეთმა, NATO-ს კიდევ ორ წევრთან, პოლონეთთან და რუმინეთთან ერთად, მეზობელი უკრაინისთვის იარაღით დახმარების სურვილი გამოთქვა.

სწორედ სლოვაკეთის არმიის მფლობელობაში არის რუსული წარმოების С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს. 

კომენტარები