რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პაპუაშვილი: რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა, ვიზიარებ მწუხარებას

საქართველოს პარლამენტი / Facebook

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება. სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა... ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას". – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ბახვა ჩიქობავა 19 მარტს ქალაქ მარიუპოლში, ხოლო გია ბერიაშვილი და დათო რატიანი 18 მარტს ქალაქ ირპენში დაიღუპნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები