რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეს

იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს. სანქციები შეეხება რუს ინდივიდებს, ბანკებს და სამთავრობო ორგანიზაციებს. 

ავსტრალიამ სანქცია დაუწესა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს და დამატებით 11 რუსულ ბანკსა და სამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

"ჩვენს მიერ სანქცირებულებში რუსეთის ცენტრალური ბანკის დამატებით, ავსტრალიამ მიზანში ამოიღო რუსეთის ყველა სამთავრობო ობიექტი, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის საგარეო ვალის კონტროლსა და გაცემაში". – თქვა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა 

ავსტრალიამ ასევე დამატებით ორ, სამთო-სამრეწველო ინდუსტრიაში მყოფ მილიარდერს დაუწესა სანქცია. 

"ავსტრალიამ სანქცირებულ ინდივიდების სიას დაუმატა ორი მილიარდერი, ოლეგ დერიპასკას და ვიქტორ ვეკსელბერგი, რომლებსაც ბიზნესინტერესები აქვთ ავსტრალიაში". – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში

იაპონიამ თქვა, რომ სანქციებს დაუწესებს 15 დამატებით ინდივიდს და 9 ორგანიზაციას, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ, იარაღის ექსპორტიორ კომპანიას "როსობორონექსპორტს"

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან – ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად ამ ეტაპისთვის სანქციების ოთხ პაკეტზეა შეთანხმებული.

კომენტარები